„ქართული ოცნება“ ტენდერს აცხადებს

  • 19 ივნისი 2012, 14:42
  • 864

კოალიცია "ქართული ოცნება" სხვადასხვა მომსახურების მიღებისათვის ტენდერს გამოახცადებს.

ტენდერი სამი მიმართულებით – პოლიგრაფიული მომსახურების, სატრანსპორტო მომსახურების, სარეკლამო მომსახურებისათვის გამოცხადდება.

ამასთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ სტრუქტურას. მიღებულ იქნება საუკეთესო წინადადებები და საზოგადოებას ეცნობება შედეგების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ათეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მზად არის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, დახმარება გაგვიწიოს ჩვენს საქმიანობაში, არის ორგანიზაციული საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც გარკვეული მომსახურების მიღების გარეშე შეუძლებელია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებმა ვერ გაბედონ ჩვენთან ამ საკითხებში თანამშრომლობა, ან თუ გაბედეს, ისინი მკაცრად ისჯებიან. შესაბამისად, როდესაც მივმართავთ ამა თუ იმ კომპანიას მომსახურების მიღების მიზნით, ისინი ან პირდაპირ უარს გვეუბნებიან, ან გვთავაზობენ საბაზროზე რამდენჯერმე მაღალ ფასებს. ის კომპანიები კი, რომლებიც მიუხედავად ზეწოლისა გვაწვდიან მომსახურებას საბაზრო ღირებულებით, ცხადდებიან დაკავშირებულ პირებად და ყოვლად წარმოუდგენელი თანხებით ჯარიმდებიან.“ - ამბობს ფანჯიკიძე.

მისივე თქმით, კოალიცია მოხარული იქნება, თუ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს კომპანიათა მაქსიმალური რაოდენობა. და თუ ეს ასე არ მოხდება, ეს იქნება იმის დადასტურება, თუ რა ბერკეტებს იყენებს ხელისუფლება კომერციული სტრუქტურების მიმართ. 

სხვა სიახლეები