გაუჩინარებული მამუკა ჯიბლაძე სახლში დაბრუნდა

  • 19 ივნისი 2012, 11:03
  • 630

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი გაუჩინარებული თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე დღეს დილით სახლში დაბრუნდა.

როგორც news.ge-ს ჯიბლაძის ახლო ნათესავმა ვლას ჯიბლაძემ განუცხადა, მისი რამდენიმე დღით გაუჩინარებული ახლობელი თავს ჯანმრთელად გრძობს და გაუჩინარების დეტალებზე არ საუბრობს.

მამუკა ჯიბლაძის გამოჩენა შს სამინისტრომაც დაადასტურა. როგორც შსს -ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი,  მამუკა ჯიბლაძე,  რომელიც 2012 წლის  11 ივნისს სახლიდან გავიდა და უგზოუკვლოდ  დაკარგულად ითვლებოდა, დღეს დილით გამოჩნდა და ამდროისთვის იმყოფება საკუთარ ბინაში. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს მიმართეს და პოლიციამ ჯიბლაძის ძებნა დაიწყო. 

შსს - ს ცნობით, მამუკა ჯიბლაძე 17 ივნისს ვიდეოკამერებმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება 15 ივნისს გაავრცელეს

მამუკა ჯიბლაძე მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (CAT) ალგორითმის ავტორია. მან გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილის განთავისუფლების შემდეგ, სხვა თანამშრომლებთან ერთად დატოვა.


სხვა სიახლეები