დასავლეთის მედია აღნიშნავს, რომ რუსეთ-ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და გაკეთდა დიპლომატიური, არაარსებითი ერთობლივი განცხადებები. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მხარეებს რამდენიმე მწვავე საკითხზე რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ და არც მათი დაახლოების პერსპექტივა სჩანს. შეხვედრის შემდეგ პუტინი და ობამა წინასწარ გამზადებული პროტოკოლური ფრაზებით შემოიფარგლნენ. პრეზიდენტებმა თავიანთი განწყობა, ვერც ჟურნალისტების წინაშე დამალეს - ორივე პრეზიდენტის ტონი საქმიანი და ცივი იყო, ორივე ლიდერი ფაქტობრივად არ უყურებდა ერთმანეთს და არც ღიმილი შეინიშნებოდა მათ სახეზე.
„დაცვას რამდენიმე წუთი დაჭირდა იმისათვის, რომ ჟურნალისტები გაეყვანა პრესკონფერენციის დარბაზიდან. ამ წუთების განმავლობაში პრეზიდენტები გვერდიგვერდ ისხდნენ და პირდაპირ სივრცეს მიჩერებოდნენ - არანაირი საუბარი ან ურთიერთობა, რაც მიღებულია ასეთ დროს, ყოველ შემთხვევაში ტელეკამერების წინ“, - წერს The New York Times -ი თავის სტატიაში.
ამერიკის ელჩი და „გადატვირთვის“ ერთ-ერთი ავტორი მაიკლ მაკფოლი შეეცადა შეხვედრის შემდეგ დარჩენილი შთაბეჭდილებები გაექარწყლა. „არაფერი განსაკუთრებული. ის ყოველთვის ასე იქცევა“, - განუმარტა პუტინის ქცევა ამერიკელ ჟურნალისტებს მაკფოლმა.
The New York Times -ი იმავე სტატიაში აღნიშნავს, რომ შეხვედრის მთავარი განხეთქილების ვაშლი სირიის გარშემო შექმნილი სიტუაცია გახდა. „პუტინმა სირიასთან დაკავშირებით პოზიციები არ დათმო და მიუთითა, ეგვიპტესა და ლიბიაში ხელისუფლების გადაცემის წარუმატებელ მაგალითებზე. ირანზე შეთანხმდნენ მხოლოდ იმაზე, რომ დიპლომატიის დრო ჯერ კიდევ არის. ობამას არ შეუძლია არჩევნების წინ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადადგას და იძულებით ბალანსირებს.“ - წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.
თუმცა, როგორც უკვე ითქვა, მხარეებმა რამდენიმე ერთობლივი განცხადება მაინც გააკეთეს.
მექსიკაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზე, ანტისარაკეტო თავდაცვასა და სავაჭრო შეზღუდვებზე ისაუბრეს. მხარეებმა ექვსგვერდიანი დოკუმენტიც მიიღეს. მათ სირიის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ირანს კი, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ანტისარაკეტო სისტემების განთავსება იყო, რომლებზეც მხარეებმა შეთანხმებას ისევ ვერ მიაღწიეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ თემაზე საუბარი გაგრძელდება.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ბარაკ ობამამ ერთობლივი განცხდება გააკეთეს. პუტინმა ამერიკას მადლობა გადაუხადა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დახმარების გამო.
”ჩვენ საერთაშორისო პრობლემებზე ვისაუბრეთ, მათ შორის სირიაზე, და შეხების არაერთი წერტილი ვიპოვეთ,” - აღნიშნა პუტინმა, რომელსაც შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.
პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დოკუმენტში საუბარია, რომ სირიელ ხალხს აქვს უფლება ”დამოუკიდებლად, დემოკრატიული გზით აირჩიოს საკუთარი მომავალი.”
ორივე ლიდერმა გააკეთა მოწოდება, რომ შეწყდეს ყველანაირი ძალადობა და შესრულდეს კოფი ანანის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა.
ერთობლივ განაცხდებაში ასევე საუბარია, რომ ქვეყნები მზად არიან, შეასრულონ სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ დადებული შეთანხმება, ერთობლივად იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ და ასევე, გააგრძელონ მოლაპარაკებები ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემაზე.
პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ბენ რუსმა აღნიშნა, რომ ამერიკა ძველებურად სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მომხრეა.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის კვლავ რჩება უთანხმოება. მისი თქმით, პუტინმა პირობა დადო, რომ ”იმუშავებდა საერთაშორისო სუბიექტებთან ერთად, მათ შორის გაეროსთანაც.”
"დიდი ოცეულის" სამიტზე შეკრებილი ლიდერები ევროპის ფულადი ერთეულის ვარდნისაგან გამოწვეულ საფრთხეზეც მსჯელობდნენ, რომელიც ევროპის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტი ზიანის მოტანით ემუქრება.
”მსოფლიო შეშფოთებულია ზრდის შენელებით, რომელსაც ადგილი აქვს მსოფლიოში. უდიდესი ყურადღება ევროპას დაეთმობა. ახლა ნამდვილად დროა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ერთად ვდგავართ იმ საქმეში, რასაც მსოფლიო ფინანსური სისტემის სტაბილიზაცია ჰქვია. თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროტექციონიზმი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ხელჩაკიდებულები ვდგავართ სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის ზრდის საქმეში,” - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მექსიკის პრეზიდენტ ფელიპ კალდეროლთან შეხვედრისას.
სხვა სიახლეები
