Google-მა საიდუმლოდ შექმნილი მიკროპროცესორი წარმოადგინა

  • 19 მაისი 2016, 11:16
  • 1804

როდესაც Google-ის AlphaGo-ს კომპიუტერულმა პროგრამამ სამხრეთ კორეის გოს ჩემპიონი დაამარცხა, ის თავად Google-ის მიერ დამზადებულ მიკროჩიპს იყენებდა, რომლის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. 

ახალ პროცესორს, რომლის შექმნასაც სამი წელი დასჭირდა, კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. Google-ი, რომელიც კორპორაცია Alphabet Inc-ის შვილობილია, ახალ მიკროჩიპს უკვე ერთი წელია ხელოვნული ინტელექტის შესაძლებლობების გასაზრდელად იყენებს, რადგან სწავლის უნარის მქონე კომპიუტერების როლი კომპანიაში დღითიდღე იზრდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Google-ის მიერ შექმნილი ჩიპი სხვა ალტერნატიულ ჩიპებზე 10-ჯერ სწრაფია.

როგორც WSJ წერს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია საკუთარ მიკროჩიპზე მუშაობდა, ადრეც ვრცელდებოდა, მაგრამ, გუშინდელი განცხადებით უკვე ოფიციალურად დადასტურდა. 

მიუხედავად ახალი მიკროჩიპისა, კომპანია ძირითადად მაინც Intel-ის მიერ შემუშავებულ პროცესორებს იყენებს. 

„ისინი Intel-ის პროცესორების ჩანაცვლებას არ ცდილობენ. ახალი ჩიპები ამ პროცესორების დამატებაა“ - აცხადებს სტენფორდის უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის პროფესორი მარკ ჰოროვიცი. მისივე თქმით, Google-ს და Apple-ს აქტიურად აჰყავთ სამსახურში ჩიპის დიზაინერები და ინჟინრები. 

Google-ის განცხადებით, ახალი ჩიპი მათ 7-წლიან უპირატესობას აძლევს. ანუ ახალი ჩიპი, დღეს არსებულ ჩიპებს სამი თაობით მაინც უსწრებს. 

სხვა სიახლეები