კომპანია „დექსუსი“ „ოლიმპიური ვარსკვლავისაგან“ ბოდიშს ითხოვს

  • 06 ივნისი 2012, 12:12
  • 810

სამშენებლო კომპანია „დექსუსი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „დექსუსის“ წარმომადგენლობა „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე მისი ნებართვის გარეშე შედიოდა და აღწერას ატარებდა.

„დექსუსი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დამფუძნებლის ზაზა რაზიკაშვილის ბრალდებებს უარყოფს და კომპანიისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. „დექსუსის“ განცხადებას news.ge უცვლელად გთავაზობთ:

„დექსუსისთვის" მიუღებელი და ცილისმწამებლურია ის განცხადებები, რომელიც "ოლიმპიური ვარსკვლავის" პრეზიდენტმა, ზაზა რაზიკაშვილმა "დექსუსის" მისამართით გააკეთა. რაზიკაშვილის განცხადებით, "დექსუსის" წარმომადგენლები მას დაჭერით ემუქრებოდნენ, ობიექტზე მისი ნებართვის გარეშე შედიოდნენ და აღწერით სამუშაოებს ასრულებდნენ. „ოლიმპიური ვარსკვლავი“ „დექსუსის“ გასაყიდი ობიექტების სიაში იყო შეყვანილი. საპროტესტო აქცია კი, რომელიც კომპანია "ოლიმპიურ ვარსკვალვთან" მოეწყო, საქალაქო სასამართლოს მთავარი მენეჯერის, ვანო ზარდიაშვილის მიერ იყო მოწყობილი, რომელიც სასამართლოში "დექსუსის" საქმეებს ლობირებს.

სრული პასუხისმგელობით ვაცხადებთ, რომ "ოლიმპიური ვარსკვლავის" პრეზიდენტის, ზაზა რაზიკაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, წარმოადგენს სიცრუეს და არ შეესაბამება სინამდვილეს. "დექსუსის" მხრიდან, მსგავსი სახის ქმედებებსა და განცხადებებს ადგილი არასდროს ჰქონია. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, რადგან "დექსუსის" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გაჩერებული მშენებლობების დასრულება, რომელთა დიდი ნაწილი არასწორი მართვის შედეგადაა გაყინული. ამ ეტაპზე, "დექსუსი" ახორციელებს გაკოტრების პირამდე მისული კომპანიების "ცენტრ პოინტისა" და "ვალენსიას" პროექტების რეაბილიტაციას. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ კომპანიებთან "დექსუსი" ახლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, შესამაბისად, მსგავსი პროექტებით დაინტერესება "დექსუსის" საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს.

ცილისმწამებლური განცხადებებისთვის, ჩვენ ვითხოვთ, კომპანია "ოლიმპიური ვარსკვალვისგან" საჯაროდ ბოდიშის მოხდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვახდენთ მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

News.ge „ოლიმპიური ვარსკვლავის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ლელა რაზიკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „დექსუსის“ წარმომადგენლობის მათ ობიექტებზე შესვლის მომსწრენი მათი კლიენტებიც იყვნენ. „ჩვენი კლიენტები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მშენებლობაზე უცხო ჯგუფი იყო შესული და აღწერას ატარებდა. ზოგიერთი მათგანი გვეუბნებოდა, რომ „დექსუსმა“ ჩვენი ობიექტი თავის გაყიდვების სიაშიც კი შეიყვანა. მაშინ „დექსუსთან“  ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც ვერ დასრულდა, ჩვენ არ დავთანხმდით პირობებს, თუმცა მათ საქმიანობის განხორციელება მაინც დაიწყეს“ - განაცხადა რაზიკაშვილმა.

მისივე თქმით, „დექსუსთან“ მოლაპარაკებების დაწყება „საქართველოს ბანკის“ ულტიმატუმმა აიძულათ, რომლის მიხედვითაც „ოლიპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა „დექსუსს“ უნდა დაესრულებინა.

შეგახსენებთ, რომ "ოლიმპიური ვარსკვლავის" გარშემო სკანდალი რამდენიმე დღის წინაც მოექცა ყურადღების ცენტრში. კომპანიის შენობაში რამდენიმე ადამიანი შეიჭრა და მშენებლობის დასრულება მოითხოვა. კომპანიის ხელმძღვანელობამ ფაქტი პროვოკაციად შეაფასა.

სხვა სიახლეები