კოპიტნარის აეროპორტი მიმდინარე წლიდან საერთაშორისო ფრენებს მიიღებს

  • 30 აპრილი 2012, 23:15
  • 2624

კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობას, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, სამი ქართული კომპანია აწარმოებს, ხოლო რეკონსტრუქციის პროექტზე ქართველი და უცხოელი არქიტექტორები ერთობლივად მუშაობენ. აეროპორტში ახალი სანავიგაციო სისტემები ინერგება და ასევე,  ახალი სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობა მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას შეფასებით, კოპიტნარის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში, რადგან ის იქნება მეორე კატეგორიის აეროპორტი, რომელიც საერთაშორისო ფრენებს 2012 წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს. "დღეს დავათვალიერეთ სამუშაოების პროცესი. მიმდინარეობს როგორც ტერმინალის მშენებლობა, ასევე, ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია. ასაფრენი ზოლის 9 000 ფილა შეცვლილი იქნება მთლიანად, იმისათვის, რომ აეროპორტმა ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღება შეძლოს. მშენებლობა ვადებში მიმდინარეობს. ეს იქნება ყველაზე ლამაზი აეროპორტი, საიდანაც მსურველებს შეეძლებათ იაფად გადაადგილება სხვა ქვეყნებში," - ამბობს ვერა ქობალია.

მინისტრის თქმით, აეროპორტის რეკონსტრუქციაზე დასაქმებული მუშახელის 90% ადგილობრივი მცხოვრებია. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კოპიტნარის აეროპორტმა საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი კომპანიების მოზიდვა უნდა უზრუნველყოს.აეროპორტის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ  ფრენები განხორციელდება როგორც რეგიონის, ასევე, ევროპისა და აზიის მიმართულებით.

სხვა სიახლეები