კონტროლის პალატის თავმჯდომარეს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

  • 20 აპრილი 2012, 16:58
  • 393

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში გუშინ, 19 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეკრებას კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი დაესწრო. მისი თქმით, შეხვედრაზე  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარი დეპუტატის შერჩევის საკითხებზე ისაუბრეს.

თამილა გურაშვილი ამბობს, რომ სხდომას პარლამენტის ვიცესპიკერთან მიხეილ მაჭავარიანთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან პეტრე ცისკარიშვილთან და კიდევ რამდენიმე ოფიციალურ პირთან ერთად ლევან ბეჟაშვილიც ესწრებოდა, რაც კანონდარღვევაა - „კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს. მან ამ შეხვედრაზე დასწრებით  კანონი დაარღვია“- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ფაქტი გუშინ ადგილზევე გააპროტესტა „თავისუფალმა საქართველომ“.

„მიგვაჩნია, რომ კონტროლის პალატა არის ნაციონალური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანო, რომელიც ამ პარტიის ინტერესებს ემსახურება, შესაბამისად, ეს არის გაპოლიტიკურებული ორგანო, რომელიც  ახდენს მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მონიტორინგს,“- აცხადებენ პარტიაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველაფერთან ერთად, კონტროლის პალატას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობა 8 წელია არ შეუმოწმებია, რაც კიდევ ერთი კანონდარღვევაა, რადგანაც შემოწმება კანონით 2 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს.

„საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილი არის კონტროლის პალატის თავმჯდომრის  ლევან ბეჟაშვილის კადრი და შესაბამისად კონტროლის პალატაც ლოიალურადაა განწყობილი დედოფლისწყაროს მუნუციპალიტეტის მიმართ“, - აცხადებენ „თავისუფალ საქართველოში“.

სხვა სიახლეები