7 აპრილი – ხარების დღესასწაული!

  • 07 აპრილი 2012, 01:44
  • 3692

„ხარება“ აღწერილია ერთადერთი მახარებლის – ლუკას მიერ. მართალი ელისაბედისაგან იოანე წინამორბედის ჩასახვის მეექვსე თვეზე, გაბრიელ მთავარანგელოზი მივლინებულ იქნა ნაზარეთს, ქალწულ მარიამთან. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.

რიგ ღვთისმეტყველთა თვალსაზრისით, მთავარანგელოზის სიტყვები: „გიხაროდენ, მიმადლებულო“ იყო „მადლის“პირველი უწყება კაცობრიობისათვის, ცოდვით დაცემის შემდეგ.

საეკლესიო გადმოცემა გვამცნობს, რომ მთავარანგელოზის გამოჩენის ჟამს წმიდა მარიამი კითხულობდა ისაიას წიგნს, სადაც აღბეჭდილია წინასწარმეტყველური სიტყვები: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე“ (7,14). ამიტომ, ხარების ხატებზე ზოგჯერ ღვთისმშობელი გაშლილი წიგნით არის გამოსახული.

ხარების თარიღი პირდაპირ კავშირშია მაცხოვრის შობის თარიღთან – დღიდან ჩასახვისა ( 7 აპრილიდან) შობამდე (7 იანვარს) ზუსტად 9 თვის შუალედია.

ხარება ოდითგან მიიჩნეოდა დიდ უქმედ. ხალხში გავრცელებული იყო გამოთქმა: „ ხარებას ჩიტიც კი არ აგებსო ბუდეს“ – ანუ, ამ დღეს არ შეიძლებაო მუშაობა; იყო ასეთი მინიშნებაც: „როგორც გაატარებ ამ დღეს, ისეთი იქნებაო შენთვის მთელი წელიწადი“!

სხვა სიახლეები